воскресенье, 2 ноября 2008 г.

იმერეთი

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედი, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ქალაქებია: ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ვანი, ხონი, ტყიბული, ბაღდათი და ხარაგაული.

საქართველოს ცხოვრებაში იმერეთი ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა. სწორედ აქ ქუთაისში, X საუკუნეში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III, ხოლო XI ს-ის ბოლოს კი - საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი. 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ გელათის მონასტერი (XII ს.) ერთდროულად რელიგიურ და საგანმანათლებლო ცენტრად იქცა სრულიად საქართველოსათვის. 400 წლის განმავლობაში გელათის აკადემია ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო ცენტრი იყო მთელს მსოფლიოში. იმერეთის ორი ძეგლი: გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კუტურის საგანძურშია შეტანილი.





იმერული სუფრა

საქართველოს კუთხეებს შორის იმერეთი გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, იმერლები უპირატესობას ბოსტნეულით დამზადებულ ნიგვზიან კერძებს ანიჭებენ, მაგრამ იმერულ სუფრაზე აუცილებელია იმერული "ჭყინტი" ყველი და განუმეორებელი იმერული ხაჭაპური.

იმერული "ჭყინტი" ყველი ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველია, სწორედ მისგან ამზადებენ იმერლები საქვეყნოდ ცნობილ უგემრიელეს ხაჭაპურს.

ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს ან ხაჭოიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით იზილება; შიგთავსი კი როგორც წესი შეიცავს ყველს ან ხაჭოს, კვერცხით და კარაქით დაზელილს. იმერული ხაჭაპური უნდა იყოს მრგვალი ფორმის, თხელი და სასურველია კეცზე გამოცხვარი. სუფრასთან მიტანისას მას ოთხ ან ექვს ნაჭრად ჭრიან და ხელით ჭამენ.

რეცეპტი 1

მასალა:
1 კგ. პურის ფქვილი; 2 ჩაის ჭიქა მაწონი; 700-800 გრ. ცხიმიანი ყველი ;

მომზადება:
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი, თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.

რეცეპტი 2

მასალა:

500 გრამი პურის ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი მაწონი (აჭრილი რძე, არაჟანი, ან რძე) 1 სუფრის კოვზი სოდა ძმრით, 300 გრამი გამდნარი კარაქი და მარილი.

მომზადება:

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი +0,5 ლიტრი მაწონი + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი, დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
მეორე თასში დავფშვნათ 800 გრ. ყველი დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად შევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში. მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.